
ეს ჩემი პირველი პოსტია. თავის დროზე ფსიქეს ქუჩისთვის დავწერე. მაშინ თითქმის არაფერს ვწერდი, ე,წ, ბლოგი ახალი გახსნილი მქონდა, მაინცდამაინც არც არავინ მიცნობდა და ფსიქემ – იქნებ გესტ-პოსტი დამიწეროო, რომ მითხრა, საშინლად მესიამოვნა… ფსიქე და მისი ქუჩა ყველამ იცის და ამიტომაც არ გაგიკვირდებათ, რომ ამ შემოთავაზებით საშინლად ამაყი ვიყავი. ახლაც ვამაყობ
ჰანს ქრისტიან ანდერსენის, კარენ ბლიკსენის, ლევ ტოლსტოის, ალბერტ შვეიცერის მედლები, გაბრიელა მისტრალისა და სელმა ლაგერლოფის პრემია, შვედეთის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში, გერმანული მშვიდობის პრემია… ამ მეტად საპატიო ჯილდოთა მფლობელი ისე გარდაიცვალა 2002 წელს, 95 წლის ასაკში, მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება ვერ მოასწრეს. არადა, იმსახურებდა.
მას, ჯერ კიდევ, დაწყებით სკოლაში, შეარქვეს ვიმმერბიუნელი სელმა ლაგერლოფი. ის დღეს შვედეთის სიმბოლოა. მის სიცოცხლეშივე დაარსებული მისი სახელობის ლიტერატურული პრიზი ყოველ წელს, საუკეთესო შვედ საბავშვო ავტორს გადაეცემა, შვედეთის მთავრობა მისი სახელობის ლიტერატურული პრემიით მსოფლიოს საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო ნაწარმოებს აღნიშნავს, მისი ხელნაწერები 2005 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 1978 წელს შვედი ასტრონომების აღმოჩენილი მცირე პლანეტა მის სახელს ატარებს…
ეს ასტრიდ ანნა ემილია ერიქსონია. თუმცა, მას უფრო მეუღლის გვარით – ლინდგრენით იცნობენ.
პეპი გრძელიწინდა, კალე ბლუმკვისტი, ყაჩაღის ასული რონია, მიო, მაწანწალა რასმუსი, ჩორვენი და სტინა… ჩვენი ბავშვობის განუყრელი თანამგზავრები, თითქმის მშობლიურად ქცეული წიგნებისა და ფილმების პერსონაჟები. ლინდგრენის ბიბლიოგრაფია ორმოცამდე წიგნს იტევს. ზოგი მეტად ცნობილია, ზოგი – ნაკლებად. ზოგიერთის შესახებ ყურმოკვრით თუ გვსმენია, ზოგი წიგნი ქართულად ან რუსულად საერთოდ არ თარგმნილა და შვედური ენის მცოდნეთა გარდა არავის წაუკითხავს, მაგრამ არ მეგულება ადამიანი, დიდი ან პატარა, შვედი ჯადოქრის ერთ, ჩვენში საოცრად პოპულარულ გმირს რომ არ იცნობდეს.
კარლსონი, უკვდავი და უბერებელი კარლსონი, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის – მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის სიმბოლო.
გახსოვთ თქვენი პირველი წიგნი? რომელი წაიკითხეთ – ბურატინოს თავგადასავალი თუ ჩიპოლინო? იქნებ რომელიმე ქართული ზღაპარი ან საბავშვო ლექსების კრებული? მე კითხვა კარლსონთან ერთად დავიწყე. აი, იმ წიგნით, ახლა რომ თითქმის ვერსად შეხვდებით. სქელტანიანი გამოცემა იყო. უგემრიელესი და ფანტასტიური თარგმანი, საყვარლად გულუბრყვილო ილუსტრაციებით. იმ წიგნში, კარლსონთან ერთად, პეპიც ცხოვრობდა, მაგრამ დღეს, რატომღაც, მხოლოდ კარლსონი მახსენდება.
და მულტფილმი? საბჭოთა ანიმაციის ჰიტი. საუკეთესო შერლოკ ჰოლმსის – ვასილი ლივანოვის და რუსული თეატრის ბებიის – ფაინა რანევსკაიას გახმოვანებული კარლსონი და ფრეკენ ბოკი. საბჭოთა კარლსონი მსოფლიოში საუკეთესო კარლსონიაო, ხმამაღლა და ოფიციალურად არავის უთქვამს, მაგრამ ფაქტია – 1968 წელს გადაღებულმა მულტფილმმა (მეორე ნაწილი ოდნავ მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ გამოჩნდა) ჩვენს ცნობიერებაში პროპელერიანი კაცუნას კანონიკური სახე დაამკვიდრა და სრულად დაჩრდილა ილუნ ვიკლანდის შვედური ილუსტრაციები.
და იცით, ამ ყველაფრის შემდეგ, რა არის საინტერესო? შვედეთში კარლსონი არ უყვართ.
შარშან, ჩემი მეგობარი, სამსახურებრივ საქმეებზე, სამი დღით სტოკჰოლმში მიავლინეს. დავაბარე, იქნებ მოიცალო და როგორმე შვედური კარლსონი ჩამომიყვანო მეთქი. კიო, დამპირდა. იოლი სამსახურიაო. შეცბუნებული დაბრუნდა. სამი დღე ვეძებეო, ნობელის მუზეუმში წასვლაზეც კი ვთქვი უარიო, მთელი ქალაქი გადავატრიალეო… არ მეგონა, კარლსონი სტოკჰოლმში სანთლით საძებარი თუ გამიხდებოდაო…
მაინც იპოვნა და ჩამომიყვანა. ახლა ნამდვილი, შვედი, სტოკჰოლმელი კარლსონი ჩემს ოთახში, ყველაზე გამოსაჩენ და საპატიო ადგილას იწონებს თავს. წეღან რუსული ვერსია ვახსენე და კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ – შვედი აბსოლუტურად სხვანაირია და რუსი - აშკარად უფრო სიმპატიური.
შვედეთში პეპის კულტია. შვედი ბავშვებისთვის პეპი სამაგალითოა, საამაყო და მისაბაძი. სტოკჰოლმში პეპის ყველგან შეხვდებით. კარლსონს – ვერა. შვედებს არ უყვართ კარლსონი. ზარმაციაო, მატყუარა, ცელქი, უფროსებს არ უჯერებს და საერთოდ, ცუდი ტიპიაო, ამბობენ.
ძნელია შვედებთან კამათი. კარლსონს ჩემზე უკეთ იცნობენ და იმიტომ. კი ბატონო – ეგოისტია, ზარმაცი, მატყუარა, ბაქია, მსუნაგი, ოინბაზი და კიდევ არ ვიცი რა აღარ… მაგრამ მე მაინც მიყვარს. თავისუფალ, ემანსიპირებულ, დამოუკიდებელ და ფემინისტ პეპისაც მირჩევნია და მოწესრიგებულ-სუფთადჩაცმულ-კოხტადდავარცხნილ დედიკოს ბიჭ კალე ბლუმკვისტსაც.
ერთმა ჩემმა მეგობარმა, სხვათაშორის, სერიოზულმა და ჭკვიანმა გოგომ, ერთხელ მითხრა – ვისაც კარლსონის არსებობის არ სჯერა, ცხოვრებას ძალით ირთულებსო.
არ ვიცი, ამის შემდეგ რამდენად ჩათვლით, რომ სერიოზული და დალაგებული ვარ, მაგრამ მაინც გეტყვით. მე მჯერა, რომ კარლსონი არსებობს. ის ცხოვრობს ყველა სახლში, სადაც ბავშვია და თუ მოეწონა, დიდობაშიც აკითხავს ხოლმე…













